რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ფონდი შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული. მან 2022 წლიდან ჩაანაცვლა მანამდე არსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი, რომელიც 2021 წელს "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ოლეგ ნეფიოდოვმა საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ ფონდი "მიზნად ისახავს ტერორიზმის ხელშეწყობას, გამართლებასა და მხარდაჭერას".
ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი და აღნიშნა, რომ პუტინი და მისი თანამოაზრეები "ნამდვილი ტერორისტები არიან".
"ნამდვილი ტერორისტები არიან ვლადიმერ პუტინი და მისი თანამოაზრეები - ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ომი, კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას და პოლიტიკურ ოპონენტებს და ხალხს განსხვავებული აზრის გამო აპატიმრებს" - ნათქვამია განცხადებაში.
