რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო წერს, რომ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პოლიციის ყოფილი ოფიცერი, სერგეი ხაჯიკურბანოვი ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა და ახლა ის უკრაინაში მიმდინარე ომში იღებს მონაწილეობას. ხაჯიკურბანოვს 20 წლით თავისუფლება აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
მედიის ცნობით, ინფორმაცია დაადასტურა ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსეი მიკალჩიკმა. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხაჯიკურბანოვი უკრაინაში მიმდინარე ომში საომრად 2022 წლის ბოლოსკენ გაიწვია.
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ სერგეი ხაჯიკურბანოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა 2014 წელს მიუსაჯა - მას ბრალად პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზება ედებოდა.
ანა პოლიტკოვსკაია დამოუკიდებელი რუსული გაზეთის Novaya Gazeta-ს სპეციალური კორესპონდენტი იყო, კრიტიკულად აშუქებდა ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, საგამოძიებო მასალებს ამზადებდა ჩეჩნეთში რუსი სამხედროების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ის 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს, ჟურნალისტს მოსკოვში საკუთარი სახლის სადარბაზოში ესროლეს. პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ორ ბრალდებულს რუსტამ მაკმუდოვსა და ლომ-ალი გაიტუკაევს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.