logo
ENG



რუსეთში საშიშ სამუშაოებზე მოზარდების დასაქმება იგეგმება, მიზეზი მუშახელის დეფიციტია

27 თებ 202616:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/27/9hvc8733muv5k39.png

Novaya Gazeta Europe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში შრომითი დეფიციტის გაღრმავების ფონზე, ხელისუფლება გეგმავს გარკვეულ სფეროებში არასრულწლოვანთა დასაქმებაზე არსებული შეზღუდვების შემსუბუქებას.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ინიციატივა მიზნად ისახავს იმ ინდუსტრიებში მოზარდების დასაქმების დაშვებას, რომლებიც ადრე მათთვის ზედმეტად საშიშად მიიჩნეოდა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის შრომის, სოციალური პოლიტიკისა და ვეტერანთა საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, იაროსლავ ნილოვის განცხადებით, მოქმედი რეგულაციების თანახმად, მოზარდებს შეუძლიათ გაიარონ პროფესიული სწავლება და სტაჟირება მსგავს სფეროებში, თუმცა ფორმალური დასაქმება უსაფრთხოების ნორმების გამო აკრძალული აქვთ. მისი თქმით, ახალი წესები ძალაში მიმდინარე ზაფხულიდან შევა და „მნიშვნელოვნად შეამცირებს შეზღუდვებს“ მაღალრისკიან ინდუსტრიებში მოზარდების დასაქმებაზე, პარალელურად კი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა შენარჩუნდება.

ნილოვის განცხადებით, საუბარია სამუშაო პირობებზე, რომლებიც 20 წლის წინ სახიფათოდ მიიჩნეოდა, თუმცა დღეს ვითარება შეცვლილია. მისი თქმით, ზოგიერთი სფერო, რომელიც ადრე საფრთხის შემცველად ითვლებოდა, ახლა „უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ქუჩაში ყოფნა“. ამასთან, მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი სექტორები მოექცევა ცვლილებების ქვეშ.

შრომითი რესურსების დეფიციტი რუსეთში განსაკუთრებით გამწვავდა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. RAND Corporation-ის შეფასებით, მუშახელის ნაკლებობა გამოწვეულია როგორც სამხედრო რეზერვის მობილიზაციით, ასევე ემიგრაციით - ქვეყნის დატოვება, სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით ერთ მილიონამდე რუსმა მოქალაქემ გადაწყვიტა.

ამავე წყაროს მიხედვით, რუსეთის შრომის მინისტრმა, ანტონ კოტიაკოვმა 2025 წელს გააფრთხილა ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომ არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 2030 წლისთვის რუსეთს შესაძლოა 2.4 მილიონი მუშახელის დეფიციტი შეექმნას.


close დახურვა