logo
ENG



რუსეთში „3+3“ ფორმატის ექსპერტთა შეხვედრა დაანონსდა

04 ივნ 202617:07
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/04/0n7mnyk8lu3hbal.png

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი მონაწილეობას მიიღებს „3+3“ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველ ექსპერტთა შეხვედრაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) ფარგლებში გაიმართება.

ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა X-ანგარიშმა გაავრცელა.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „3+3“ ფორმატი მოიცავს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს, ასევე რუსეთს, ირანსა და თურქეთს.

ტვიტის ტექსტი ქართულად ასე ითარგმნება:

„ზახაროვა: 5 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი მონაწილეობას მიიღებს 3+3 რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველ ექსპერტთა შეხვედრაში - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, ასევე რუსეთი, ირანი და თურქეთი - SPIEF-ის ფარგლებში“, - წერია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, მიიღებს თუ არა საქართველო მონაწილეობას აღნიშნულ შეხვედრაში. პოსტში საქართველო მოხსენიებულია, როგორც „3+3“ ფორმატის ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა, თუმცა კონკრეტული დელეგაციების შემადგენლობა ან მონაწილეთა საბოლოო სია არ არის გამოქვეყნებული.

ცოტა ხნის წინ ფორმულამ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით, იგეგმება თუ არა საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა „3+3“ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის აღნიშნულ შეხვედრაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი: 

"საქართველოს პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დაუფიქსირებია ქართულ მხარეს. საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში", - თქვეს საგარეოში. 


close დახურვა