logo
ENG



რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

23 ოქტ 202521:30
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/23/2hfyeye275bnimd.jpg

რუსთაველის გამზირი პროტესტის 330-ე დღესაც გადაიკეტა.

თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა დემონსტრანტებმა გზის გადაკეტვა მაინც შეძლეს. 

ადგილზე მოძრაობენ პოლიციის დაკავების მანქანები, რომლებიც მოქალაქეებს მოუწოდებენ, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ.

გზის გადაკეტვის შემდეგ, ტერიტორია დატოვეს პოლიციელებმა, რომლებიც დიდი რაოდენობით იყვნენ მობილიზებული. 

გუშინ, 22 ოქტომბერს, პროტესტის 329-ე დღეს, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა. 

მოგვიანებით, შსს-მ გაავრცელა განცხადება და განაცხადა, რომ აქციაზე 20-მდე აქციის მონაწილე დააკავა ადმინისტრაციული წესით, ხოლო აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამარ ლორთქიფანიძე - სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

პოლიციამ აქციის მონაწილეები დაკავების მანქანაში იმ დროს გადაიყვანა, როდესაც ისინი ტროტუარზე იდგნენ. მანამდე, სანამ დაკავებები დაიწყებოდა, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს. 

დაკავებების შემდეგ პოლიციამ პარლამენტის წინ, ტროტუართან ე.წ. ცოცხალი კედელი აღმართა და მოქალაქეებს გზაზე გადასვლის საშუალებას აღარ აძლევს.


close დახურვა