რუსთავი 2-ის დირექტორი ბაკურ ბაკურაძე ამბობს, რომ BBC მის თვალში "სირცხვილის მაგალითად" იქცა.
ამ განცხადებით ის ეხმაურება BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას იყენებდა.
"სულ რამდენიმე რაღაც, ან ვინმე, მხიბლავდა და შესაბამისად ვიღებდი მაგალითს. მათი ნაშრომი, შექმნილი და ნამოქმედარი პერიოდულად იწვევდა აღფრთოვანებას. ამ წლების მანძილზე, თითქმის ყველა მათგანმა, ისეთი რამ იკადრა და ისე გაიფერმკრთალა საკუთარი ავტორიტეტი ჩემს თვალში, რომ გახდა სრულიად საპირისპირო - სიმდაბლის და სირცხვილის მაგალითი და ერთ-ერთი ბოლო მოჰიკანი გახლავთ BBC", - წერს ის Facebook-ზე.
***
BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ "ცრუ ბრალდებებს" შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული "მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების" გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.
მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.
