logo
ENG



რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

04 ოქტ 202115:37
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

"თავისუფლება მიშას" - რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. 

საქართველოს ექსპრეზიდენტი სწორედ რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. 

შეკრებილების თქმით, მათი მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლებაა, ვინაიდან ის პოლიტიკური პატიმარია. 

პარტიის წევრის, რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატის, დავით კირკიტაძის თქმით, რუსთავის ციხესთან აქციები ყოველდღე გაიმართება. 

რომან გოცირიძემ კი ფორმულასთან სააკაშვილის გათავისუფლების სტრატეგიებზე ილაპარაკა. 

მისი თქმით, ამისთვის უამრავი გზა არსებობს, მათ შორის, პრეზიდენტის შეწყალება, თუმცა, უმოკლესი - საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლაა. 

"გარე ზეწოლა, შიდა ზეწოლა, აქციები, ყველა ბერკეტის გამოყენება, სამართლებრივი საფუძვლები - ყველაფერი ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ დიდხანს არ იქნება, მაგრამ სხვები შეიძლება შემოვიდნენ ამ შენობაში". - თქვა რომან გოცირიძემ. 

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ". 


close დახურვა