სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავში ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს და დალუქეს.
მათი თქმით, შეტყობინების საფუძველზე, რუსთავში, გორის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს წიქარაში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.
"საწარმოში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რეალიზაციიდან ამოღებულია ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები.
სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, შეუჩერდა საწარმოო პროცესი; დალუქული სურსათი სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება", - ამბობენ სეს-ში.