logo
ENG



რუსი სამხედრო ბლოგერი იგორ გირკინი, იგივე სტრელკოვი, მოსკოვში დააკავეს

21 ივლ 202316:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/21/ez4t1l0y6kyaa3g.jpg
REUTERS/Maxim Shemetov/File Photo

რუსი სამხედრო ბლოგერი და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი მოსკოვში დააკავეს. ინფორმაციას მისი ცოლი მიროსლავა რეგინსკაია ტელეგრამ არხით ავრცელებს.

რუსული გამოცემა TASS-ის ცნობით, გირკინის დაკავება სამართალდამცავმა ორგანოებმაც დაადასტურეს.

რეგინსკაიას ცნობით, გირკინი, რომელიც იგორ სტრელკოვის სახელითაცაა ცნობილი, რუსეთის უსაფრთხოების ოფიცრებმა საკუთარ სახლში დააკავეს.

"დღეს, დაახლოებით 11:30 საათზე საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ჩვენს სახლში მოვიდნენ. მე სახლში არ ვიყავი ამ დროს. მალე, კონსიერჟის ცნობით, მათ ჩემი ქმარი გარეთ გამოიყვანეს და იარაღის დამიზნებით წაიყვანეს უცნობი მიმართულებით" - წერს მიროსლავა რეგინსკაია.

მისი თქმით, გირკინს ბრალად "ექსტრემიზმი" ედება.

რეგინსკაია აცხადებს, რომ ქმრის ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იცის და გირკინი მას ამ დრომდე არ დაკონტაქტებია.

იგორ გირკინი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკიც იყო, ხოლო რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში რუსეთის მარიონეტულ ხელისუფლებაში ე.წ თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 

გირკინმა 2023 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში აპირებდა მოღვაწეობას. ბოლო პერიოდში ის განსაკუთრებით კრიტიკული გახდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მიმართ, რადგან, მოსკოვი, მისი აზრით, "არაკომპეტენტურად" მართავდა უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას".

ნიდერლანდების სასამართლოს ცნობით, გირკინი ასევე მონაწილეობდა 2014 წელს დონეცკში მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის MH17 ჩამოგდებაში, რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნიდერლანდების სასამართლომ 2022 წელს იგორ გირკინი მასობრივ მკვლელობაში დამნაშავედ მიიჩნია MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილეობის გამო და მას სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

სასამართლოს ცნობით, გირკინი ასევე მონაწილეობდა ჩეჩნეთში, დნესტრისპირეთსა და ბოსნიაში კონფლიქტებშიც.


close დახურვა