რუსი სამხედროების მიერ გაუპატიურებული უკრაინელი ქალები და კაცები მორალური და ფიზიკური ზიანისთვის კომპენსაციას მიიღებენ. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ისაუბრა. მისი თქმით, პირველი კომპენსაციები უახლოეს კვირებში გაიცემა.
კიევში საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს, რომელიც ომში სექსუალური ძალადობის პრობლემას ეხებოდა, ზელენსკამ კომპენსაციის გაცემას არა მხოლოდ მსხვერპლების ეკონომიკური მხარდაჭერა, არამედ სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. მან აღნიშნა, რომ ძალადობის მსხვერპლები ვერ დაელოდებიან, სანამ კონფლიქტი დასრულდება ან სანამ რუსეთი რეპარაციების გადახდას დაიწყებს - მათ დახმარება დღესვე სჭირდებათ.
"ვერ გავაქრობთ იმ ტკივილს, რომელიც აგრესორმა უკვე გამოიწვია, მაგრამ შეგვიძლია, გავხდეთ ტკივილგამაყუჩებელი. შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მსოფლიოში ყველა არაა მოძალადე და მკვლელი, რომ არსებობს დახმარება, მხარდაჭერა და სამართლიანობა", - თქვა მან.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ კომპენსაციის პროექტი წარადგინა. მისი თქმით, თითოეული დაზარალებულის საქმე ინდივიდუალურად შეფასდება. საპილოტე პროექტის ფარგლებში, ძალადობის 500-მდე მსხვერპლს ერთჯერადი კომპენსაციის მიღება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე შეუძლია.
უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ რუსული ჯარები ფართოდ და სისტემატურად იყენებენ სექსუალურ ძალადობას, როგორც ომისა და წამების იარაღს. ომის დროს ძალადობას განიცდიან ქალები, კაცები, ბავშვები და მოხუცები. კისლიცას თქმით, უკრაინის საგამოძიებო ორგანოების მიერ დაფიქსირებულია სექსუალური ძალადობის 290 შემთხვევა, რეალური რიცხვი კი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს.