კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს კონფლიქტის ზონაში. გავრცელებული ინფორმაციით ოკუპანტებმა სამეგრელოდან ახალგაზრდა მამაკაცი დაატყვევეს. შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რიყეში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ტატო ზარქუა რიყეში დეიდასთან სტუმრად იყო, ის 3 ივლისს სახლიდან 16:00 საათზე გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. 23:00 საათზე ოჯახმა მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მათ ოკუპირებული ტერიტორიიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ტატო ზარქუა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს.
ასევე ოჯახის ინფორმაციით, ზარქუა ენგურის მიმდებარედ იმყოფებოდა, რა დროსაც რუსი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ახალგაზრდა საოკუპაციო ხაზს მიღმა გადაიყვანეს.
„დაგვიკავშირდა იქაური უფროსი, სადაც დაკავებულია ბავშვი. მელაპარაკე რუსულადო, მე ველაპარკე ქართულად. არა, ქართულად არ მინდაო და რუსულად მითხრა, შენი დისშვილი დაკავებულია და არის ჩვენთანო. ვედავებით საზღვრის გადაჭრასო, მაგრამ საზღვარი არ ჰქონდა გადაჭრილი, ტერიტორიაზე იყო ბავშვი. არაფერი არ ვიცით, დაკავშირება ჩვენ არ შეგვიძლია, უნდა დაგვეხმაროს სახელმწიფო. საქართველოს მთავრობიდან ჯერჯერობით არავინ იყო მოსული. ვითხოვ, რომ დაგვეხმარონ, გაათავისუფლონ ბავშვი და გადმოიყვანონ საქართველოს ტერიტორიაზე“, - აცხადებს ტატო ზარქუას დეიდა, ლუდმილა ქარჩავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, ინცინდენტის შესახებ ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია.