logo
ENG



რუსული კულტურის ცენტრი საქართველოში - მმართველი გუნდი საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამს

30 ნოე 201919:13
3 წუთის საკითხავი
 
he0ljycdy8hjhxx.jpg

 

გაიხსნება თუ არა რუსული კულტურისა და ენის ცენტრი თბილისში, - ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს პრაღის ფორმატიდან დაბრუნებულ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურა აბაშიძეს, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქში რუს დიპლომატ გრიგორი კარასინს შეხვდა. რუსული ცენტრის შესაძლო გახსნის შესახებ კი ინფორმაცია სწორედ კარასინმა გაავრცელა. თბილისში დაბრუნებული ზურა აბაშიძე დღეს კიდევ ერთხელ ყვება გრიგორი კარასინთან მიღწეული შეთანხმების ქართულ ვერსიას და ამბობს, რომ მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. აბაშიძის თქმით, სავიზო ცენტრთან გათვალისწინებულია რუსული ენის სწავლის კურსების გახსნა კომერციულ საწყისებზე.  

მმართველი გუნდის ლიდერი გია ვოლსკი ცენტრის გახსნის პერსპექტივას ვერ ხედავს, თუმცა მომავალში ეს სასარგებლოდ ეჩვენება. ვოლსკი იქვე აღნიშნავს, რომ სანამ ოკუპაცია არსებობს, თემაზე საუბარი უსაფუძვლოა.

„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულია შეფასებებში ოპოზიცია. პოლიტიკური პარტიები რუსული პროვოკაციის საფრთხეზე საუბრობენ. განცხადება გაავრცელეს საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოშიც“, სადაც კარასინის იდეა  რუსული რბილი ძალის გააქტიურების მცდელობად შეფასდა.

„კარასინი-აბაშიძის ფორმატში ამ ინიციატივის დაანონსებით, გაცხადდა კრემლის რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გასამყარებლად, კულტურული ინტერვენციის სცენარი და ნათელი გახდა, მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ექსპანსიის საზღვრების გაფართოების მცდელობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კარასინის რუსული კულტურის ცენტრმა მწერალ პაატა შამუგიას გავრილოვი გაახსენა, რომელიც თბილლისში მართლმადიდებლობის ფორუმის ეგიდით ჩამოვიდა. მისთვის  მსგავსი რუსული ცენტრები მთელს მსოფლიოში ჯაშუშების გადამზადების ცენტრების შთაბეჭდილებას ტოვებს. 

საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, რუსული საინფორმაციო საშუალებებიი  რუსული კულტურის ცენტრის გახსნას აქტიურად აანონსებენ.

 

 


close დახურვა