„ეს უნდა განვიხილოთ, როგორც ოკუპაციის შემდგომი ნაბიჯი“, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი, საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის იდეას. განცხადება პანფილოვმა კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც საქართველოში რუსული კულტურიც ცენტრის შესაძლო გახსნას და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ეთმობა. ღონისძიებაში პოლიტიკოსები, ექსპერტები, ხელოვანები და სასულიერო პირები მონაწილეობენ.
როგორც პანფილოვმა აღნიშნა, კულტურის ცენტრის გახსნა, რუსული პროპაგანდის ნაწილი და რუსეთის ყველაზე საშიში იარაღია.
„30 წელია რუსულ პროპაგანდას ვსწავლობ. ეს არის რუსეთის ყველაზე საშიში იარაღი. რაც შეეხება რუსული კულტურის ცენტრის გახსნას, რთული წარმოსადგენია ამგვარი რამ 1941 წელს მომხდარიყო და მოსკოვში გერმანული ენის ცენტრი გახსნილიყო. ეს უნდა განვიხილოთ, როგორც ოკუპაციის შემდგომი ნაბიჯი. მე ვიმყოფებოდი აფხაზეთში 11 წლის წინ და საკუთარი თვალით ვნახე ოკუპაციის შედეგი. იქ არ არსებობს არც აფხაზური და არც ქართული ენები. საუბრობენ მხოლოდ რუსულად. სამწუხაროდ, ენა რუსეთში ოკუპაციის იარაღადაა ქცეული“, - განაცხადა პანფილოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა დააანონსა. კარასინმა ეს განცხადება პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურა აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც თავად აბაშიძე განმარტავს, ის ცენტრის შესაძლო გახსნის შესახებ იფნორმაციას არ ფლობს.