logo
ENG



რუსული მედიის ცნობით, ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა და ლიეტუვაში ჩავიდა

26 ოქტ 202219:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/26/kzoshr2h22vq4g4.jpg
Alexander Zemlianichenko / AP

რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია TASS-ის ცნობით, რუსმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ქსენია სობჩაკმა სამშაბათს ღამით რუსეთი დატოვა და ბელარუსის გავლით ლიეტუვაში ჩავიდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, გამომძიებლებს სობჩაკის დაკავების ორდერი ჰქონდათ, თუმცა მან გაქცევა მოახერხა.

„მან მოსკოვი გვიან ღამით დატოვა. იმავდროულად მან ინტერნეტით საავიაციო ბილეთები იყიდა დუბაის, დღეს კი თურქეთის მიმართულებით. მან ეს ოპერატიული სამსახურების დასაბნევად გააკეთა. შედეგად ის ლიეტუვაში შევიდა ბელარუსის გავლით“ - განაცხადა წყარომ TASS-თან.

მედიის ცნობით, მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის რეგიონში, სობჩაკის ერთ-ერთ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა მისი კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით. 

სამშაბათს სუხანოვი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დირექტორატის სამმართველოში "საგამოძიებო მოქმედებების გამო" გადაიყვანეს.

სობჩაკმა კი გუშინ დაწერა, რომ მისი კომერციული დირექტორი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის Telegram-ის საშუალებით გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სობჩაკის თქმით, ეს რუსეთში ჟურნალისტებზე მორიგი ზეწოლაა. 

„ეს უბრალოდ სისულელეა, სასაცილოა, სისულელეა. კირილი არის ბიზნესმენი და ჩვენი რეკლამის განმთავსებელი, მე და მთელი ჩემს რედაქციას მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყანაში ჟურნალისტიკაზე მორიგი ზეწოლაა. ჩვენ დამალული არაფერი გვაქვს და ეს მათ აბრაზებს. ისინი კვლავ, მუდმივად აკავებენ ჩემს ჟურნალისტებს. ახლა კირილი დააკავეს და მისთვის საქმეს კერავენ. ადვოკატი მასთან კავშირშია. ჩვენ ვაკვირდებით“ - განაცხადა სობჩაკმა.


close დახურვა