რუსული სანქცირებული ავიაკომპანია Red Wings-ის ორი თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა. ინფორმაციას კომპანიას პრესსამსახური ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ Red Wings-ს სულ 3 Boeing 777 ჰყავს.
თვითმფრინავები ასრულებდნენ რეისებს ეკატერინბურგი-ანტალია და ანტალია-ეკატერინბურგი, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო, ორივე Boeing 777 მწყობრიდან გამოვიდა და რეისები გადაიდო.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ რეისის გაუქმების თავიდან ასაცილებლად IKAR-ისგან თვითმფრინავი ითხოვეს, რის შემდეგაც გადადებული რეისები შესრულდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დაწესებული სანქციების გამო რუსული ავიაკომპანიები სანქციებში მოექცნენ. ისინი ევროპული და ამერიკული მწარმოებლებისგან თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების გარეშე დარჩნენ.
***
ივნისში Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
Red Wings-ი უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებების მიერ არის სანქცირებული.