უკრაინის ვერხოვნა რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მარიანა ბეზუგლა, სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული ძალები უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში არსებულ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით იმუქრებიან.
"ყურადღება! ენერგოდარი - ატომური ელექტროსადგური. რუსებმა დაამონტაჟეს ქვემეხები და ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით იმუქრებიან. ეს იქნება ტრაგედია მთელი ევროპისთვის", - წერს ბეზუგლა.
ასევე შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში ცოტა ხნის წინ შევიდნენ. მათ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს და იქ მომუშავე პერსონალი მძევლად აიყვანეს.
არსებობს საფრთხე, რომ თუ ოკუპანტების არტილერია თავს დაესხმება სადგურს, სადაც ახლაცაა ბირთვული ნარჩენები, რადიოაქტიური ღრუბლები დაფარავს უკრაინას, ბელარუსსა და ევროკავშირს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ოკუპანტები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავებას ცდილობდნენ, რაც, მისი თქმით, მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.
დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.