logo
ENG



რუხაძე: ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ქართული ოცნების დეპუტატები შევაწუხოთ

16 ნოე 201911:33
3 წუთის საკითხავი
 
bd3f0qyjgwwtkyt.png

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია შეძახილებით მიმდინარეობს, დღეს ოცნების ცენტრალურ ოფისთან ხელისუფლების წევრები შეხვედრას მართავენ.

აქციაზე იმყოფებიან როგორც პოლიტიკოსები, ისე სამოქალაქო აქტივისტები. „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი „ქართული ოცნების“ ოფისთან კახი კალაძის ნიღბით მივიდა, რუხაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაკარგული აქვს ხალხის ნდობა.

„კახა კალაძის ჟესტი, რომელიც მან გვაჩვენა სამოქალაქო აქტივისტებს და ზოგადად მოქალაქეებს, ასახავს იმას, თუ როგორ უყურებენ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები საქართველოს მოქალაქეებს, ზემოდან დამაკნინებელი ტონით, დამაკნინებელი შეძახილებით, დღეს სწორედ ამას ვაპროტესტებთ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს დაკარგული ნდობა, მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია ხალხისგან, ერთადერთი წყარო ამ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნის არის კრემლი და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთმანეთს ავსებს, ასე რომ ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც შიგნით იმყოფებიან, შევაწუხოთ, მათ გავაგონებთ ხალხის ხმას და მოუწევთ ჩვენს სირცხვილის კორიდორში გაიარონ თავებდახრილებმა, რადგან ეს ადამიანები რეალურად ასე უნდა დადიოდნენ, თავაწეულები ვერ უნდა გამოდიოდნენ საქართველოს ქუჩებში“, - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო. რუხაძის თქმით, აქციის მონაწილეებზე პოლიციის მხრიდან მოქმედებს შერჩევითი სამართალი.

„პოლიციამ რაც იცის ძალიან კარგად, ეს არის კანონიერი და უკანონო ბრძანებების შესრულება და ორმაგ სტანდარტებში ხელისუფლებას შეუძლიათ რომ ძალიან კარგად აჰყვნენ, შეგვიძლია გავიხსენოთ სიტუაცია კინოთეატრ „ამირანთან“, როდესაც 50 კაციან ჯგუფს გადააკეტინეს მთლიანი ქუჩა და მათ მისცეს იმის საშუალება, ეკეთებინათ, რაც უნდოდათ, თუმცა ჩვენზე მოქმედებს შერჩევითი სამართალი. ესეც გასაგებია იმ პირობებში, როცა ხელისუფლებას მართავს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლების ყველა შტო“, - განაცხადა რუხაძემ.


close დახურვა