საგანგაშო სიგნალი და საფრთხე ქვეყნის განვითარებისთვის - ასე ეხმაურებიან ანალიტიკოსები კიდევ ერთ კრიტიკულ წერილს, რომელიც პრემიერ მინისტრის სახელზე, ევროპარლამენტარებმა გამოგზავნეს. მათი შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციები საერთაშორისო კრიტიკაზე არაადეკვატურია, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.
ექსპერტმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გიორგი რუხაძემ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ პროცესების ასე გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს დემოკრატიული მომავალი არ ქონდეს.
„თუ საქართველოს ხელისუფლება იმ წუხილს არ გაითვალისწინებს, რომელიც მოდის დასავლეთიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, მაშინ ქვეყანა დადგება საფრთხის წინაშე. ეს საფრთხე შეიძლება გამოიხატოს ნაკლებ ყურადღებაში, ნაკლებ დაფინანსებაში. საერთოდ ეს შემდეგ შეიძლება გადაითარგმნოს იმაში, რომ საქართველოს არ ქონდეს დემოკრატიული მომავალი, რაც ნიშნავს, რომ მას ევროპული მომავალი არ ექნება. იმედი მაქვს, ხელისუფლებაში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც იაზრებენ თუ რას ნიშნავს ასეთი მწვავე გზავნილები“, - აცხადებს რუხაძე.
„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი თეონა აქუბარდია კი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ პირობა შეასრულოს.
„ამ შემთხვევაში მთავარი ნეგატიური რაც არის ეს არის როგორც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ასევე ვიზალიბერალიზაცია, რაც არის ქართველი ხალხის მონაპოვარი. ამიტომ, მთავარია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები შედგეს და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს. ის დაპირებები რომელსაც „ქართული ოცნება“ იძლევა საკუთარ მოსახლეობასთან და ჩვენს პარტნიორებათან მიმართებაში უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედების მორიგი გაცრუება, ჩვენი პარტნიორების მხრიდან დაუსჯელი არ დარჩება. ამას აუცილებლად მოჰყვება სხვა ტიპის ნაბიჯები, რომელიც დამაზიანებელი იქნება არა მარტო ოცნების ხელისუფლებისთვის, არამედ შეიძლება ქვეყანაზეც იქონიოს გავლენა“, - განაცხადა აქუბარდიამ.
ძალის გადამეტება მშვიდობიანი აქციების დასაშლელად, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და შეუსრულებელი დაპირებები საარჩევნო სისტემის შესაცვლელად - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უმწვავეს წერილს იღებს. ტექსტის შინაარსი „ფორმულასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. კრიტიკული წერილის ადრესატი გიორგი გახარიაა.
ევროპარლამენტარები მწვანეთა პარტიიდან დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს მთავრობისგან, მოამზადოს ცვლილებები პროპორციული სისტემისთვის, ევროპელი პოლიტიკოსები წუხან კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპებიდან საქართველოს უკუსვლის გამო.
ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კრიტიკულ წერილს, რომლის ადრესატიც პრემიერი გახარიაა, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარები საკუთარ განცხადებებში ფრთხილად უნდა იყვნენ.