საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სახალხო რეფერენდუმის წინ დაბრუნდება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ის მოგვიანებით დაასახელებს.
როგორც სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, "2 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება რეფერენდუმი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე".
მან აგრეთვე უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
"იმისათვის, რომ ეს საქართველოს განადგურების სპირალი დასრულდეს, ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, წავიდეს რეფერენდუმზე და ხმა მისცეს ივანიშვილის ე.წ. ოცნების წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა ადამიანური ცხოვრება. მე მინდა ვთქვა, რომ პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ უცხოეთში მყოფ თანამემამულეს - ვისაც გაქვთ ამის საშუალება არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები, და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა - ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში.
თქვენ იცით, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც არ ცნობს არც ერთი ქვეყანა...მათი დაპატიმრების არ მეშინია, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაინთავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამანთავისუფლებს მე. ყველა კონკრეტულ თარიღზე, მარშრუტზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, რაც მე შემეხება, მე ჩაგაყენებთ საქმის კურსზე, როცა ეს ყველაფერი ხელთ მექნება. მე ამას ყველაფერს ვაკეთებ სრულიად გახსნილად, შეგნებულად და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გამარჯვებას ამჯერად ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა. ისევ განვაცვიფრებთ მთელ მსოფლიოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მანამდე, 3 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა საქართელოში ჩამოსვლა დააანონსა და თქვა, რომ ორშაბათს (6 სექტემბერს) ისაუბრებდა სამომავლო გეგმებსა და საქართველოში ჩამოსვლაზე.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული.