მიხეილ სააკაშვილი მთავარ არხთან ამბობს, რომ კიევიდან პირდაპირი რეისით არ ჩამოვიდა, ვინაიდან "ამ სცენარში ძალიან მარტივი იქნებოდა აფეთქება, გასროლა, ჟლეტა და მერე ამ ყველაფრის მისთვის გადაბრალება".
ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ექსპრეზიდენტის საქართველოში შემოსვლა ზვიად გამსახურდიას დაბრუნებას შეადარა და ჰკითხა, თავად სააკაშვილი თუ ხედავდა ამ პარალელს.
"90-იანი წლების შემდეგ მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი, ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო. და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის ჩვენი ისტორიის კრიტიკული წერტილი". - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოშია, კონკრეტულად, ბათუმში. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ექსპრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს.
რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისის ბილეთი გამოაქვეყნა და თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს, დედასთან ერთად ჩამოფრინდებოდა.
მისი დახმარებისთვის, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, დააკავეს 3 ადამიანი - ელგუჯა ცომაია, ვის სახლშიც აიყვანეს ექსპერზიდენტი და მამა-შვილი წოწორიები, ვინც სააკაშვილი საქართველოში ტრაილერით შემოიყვანა.
დაკავებისთანავე მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.