საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრო და სიტყვის უფლებით ისარგებლა.
სააკაშვილმა ქართული ოცნების რეჟიმზე ისაუბრა და თქვა, რომ ახლა ერთადერთი შანსი ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაა. სააკაშვილის სიტყვას პროცესზე ნეტგაზეთი ავრცელებს.
"რეჟიმი იზოლირებულია, არათუ თავისუფალი სამყაროსგან, არამედ ოკუპანტი რუსეთისგანაც. ერთადერთი, რაზეც დგას დიქტატურა, ეს არის შიში. ერთ მხარეს არის ფული, მეორე მხრიდან უნდა დავუპირისპიროთ ამას გამბედაობა, რისი თვალსაჩინო მაგალითიც გვაჩვენეს დატყვევებულმა ახალგაზრდებმა.
მთელი ერი ტყვეობაში ჰყავს ერთ ფეოდალს. თავისი ერთგული რეზინი გამოამწყვდია ციხეში. ზებრა დასვა პრეზიდენტად. ამან შეუძლებელია დიდხანს გასტანოს. თუ ჩვენ როგორც საზოგადოება ვიქნებით ჩვენს სიმაღლეზე. უნდა დავძლიოთ შიში და ვთქვათ შეულამაზებელი მწარე სიმართლე სიმართლე იმაშია, რომ ვარდების რევოლუციის რეფორმებს, ბევრმა ვერ აუწყო ფეხი. დავეტაკეთ ქართულ ჯიგრულ პონტს, სინამდვილეში კრიმინალის, ნეპოტიზმის ფსიქოლოგიას და სუბკულტურას. ამ დაჯახების დროს მძიმე შედეგები იყო, მათ შორის ჩვენთვის.
რეალურად მოვახდინეთ მენტალური რევოლუცია და ამას დაუპირისპირდა ეს ყაჩაღური კლანი. სწორედ ამ მოუმზადებლობამ ჩემი რეფორმებისთვის, გამოიწვია მრავალწლიანი ბიპოლარული აშლილობა, რაც გამოიხატება ლოზუნგებში, „არც ნაცი და არც ქოცი“, რაც ნიშნავს ქოცობას.
ყველამ დავსვათ კითხვები, იქნებოდა თუ არა ჩვენი ქვეყანა უფრო მდიდარი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო. იარსებებდა თუ არა მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო. დაბრუნდებოდა თუ არა ქვეყანაში კორუფცია და კრიმინალი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, მოვატანინებდი თუ არა მოპარულ ყველა თეთრს უკან, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, იქნებოდა თუ არა თითქმის 800 000 სოციალურად დაუცველი. აქ არის კურსის გაგრძელებაზე და არა ჩემს ხელისუფლებაში ყოფნაზე. მე არ გეპატიჟებით წარსულში, მე გეპატიჟებით მომავალში.
მე არ მინდა ძალაუფლება.მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში. მე მზად ვარ მივიღო მონაწილეობა საქართველოს კრიზისიდან ამოთრევაში. ახლა ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება. რა პრინციპები და განსხვავება. რით განვსხვავდებით, გარდა იმისა, რომ ყველა მენიუში ვყავართ შესაჭმელად ფეოდალს?"- თქვა სააკაშვილმა.
