logo
ENG



სააკაშვილი: ეს პროცესი ფარსია, როგორც კი იქნება სამართლიანი სასამართლო, მზად ვარ წარვდგე

02 დეკ 202113:44
3 წუთის საკითხავი
clock 1427

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესი ფარსი და ისტორიული სირცხვილია. საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესზე სააკაშვილმა ხალხს მიმართა და თქვა, რომ მზადაა წარდგეს მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

"ხომ არ ჯობია, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი. ხომ არ ჯობია, რომ მოითხოვოთ ტყვეობიდან ჩემი გამოხსნა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები და პროკურორები იქნებიან, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, მეტი რაღა დავამტკიცო, ჩამოვედი და პირდაპირ მგლის ხახაში ჩავყავი თავი, მზად ვარ, წარვსდგე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს, როცა იქნება თუნდაც ერთ, ორ ან სამ წელიწადში", - თქვა სააკაშვილმა პროცესზე. 

გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.

მიხეილ სააკაშვილი დღეს, 7 ნოემბრის საქმის განხილვის პროცესის შემდეგ, სასამართლო პროცესს მეორედ ესწრება, მანამდე მას ამის უფლებას არ აძლევდნენ და მიზეზად შესაძლო დესტრუქციასა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკებს ასახელებდნენ.


close დახურვა