logo
ENG



სააკაშვილი: ივანიშვილის შიკრიკები თითო დეპუტატს 2-დან 3 მილიონ დოლარამდე ქეშს სთავაზობდნენ

14 დეკ 202021:00
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: ივანიშვილის შიკრიკები თითო დეპუტატს 2-დან 3 მილიონ დოლარამდე ქეშს სთავაზობდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, პარლამენტის დეპუტატებს ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოში შესვლის სანაცვლოდ 2-3 მილიონ დოლარს სთავაზობდა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად ასეთი შემოთავაზებისა, ამ დეპუტატებმა ქართველი ხალხის გვერდში დგომა ამჯობინეს. მან ოპოზიციის წევრებს პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა და საკანონმდებლო ორგანოს "ბუტკა" უწოდა. 

"მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ოპოზიციის თითოეულ წევრს, სინამდვილეში გამარჯვებული კოალიციის თითოეულ წვერს, რომელიც არ შევიდა "ბუტკაში"...საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, ეს არის უკანონო ორგანო, იმიტომ რომ იმ დასკვნების ფონზე, ლაპარაკის ფონზე, იმის ფონზე რაც იყო, იმის ფონზე, რომ თითო დეპუტატს, ვინც თვითონ გამოაცხადეს დეპუტატად, 2-დან 3 მილიონ დოლარამდე "ქეშს" სთავაზობდნენ, წინა დღეებში, ისტერიულად, ივანიშვილის შიკრიკები...

ამ ხალხის უმეტესობა არის ხელმოკლე, მე ხომ ვიცნობ რა ხალხიც არის, ეს ხომ არ არიან მილიონერები, როგორებიც ივანიშვილმა შეიყვანა, მათთვის ის ხელფასი, რამდენიმე ათასი ლარიც ძალიან დიდი ხელფასია ამ ხელმოკლეობის პირობებში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისი თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა დაამტკიცა ის, რომ მმართველი გუნდის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ყოვლისშემძლე არაა. 

"ამ ხალხმა, ამ პარლამენტის წევრებმა გადაწყვიტეს ქართველი ხალხის გვერდით დამდგარიყვნენ. ჩემი აზრით, ეს არის სამოქალაქო გმირობა. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი არ არის ყოვლისშემძლე, ფულს ჩაყრის და ყველაფერს იყიდის, ბევრ რაღაცას იყიდის, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ იყიდება, არის ხალხი, ვინც არ იყიდება და თითოეულ ამ ადამიანს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

11 დეკემბერს საქართველოს X მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა. თუმცა, ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, ამიტომ პარლამენტის პირველი სხდომა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო. 


close დახურვა