logo
ENG



სააკაშვილი: მთავრობამ პიარზე 140 მლნ დახარჯა და მე მედავება ჰილარის თხილსა და რედბულს

03 დეკ 202120:55
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: მთავრობამ პიარზე 140 მლნ დახარჯა და მე მედავება ჰილარის თხილსა და რედბულს

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მთავრობა, რომელმაც შიდა პიარზე 140 მილიონი დახარჯა მას, ჰილარი კლინტონის გამასპინძლებას ედავება.

"მე მედავებიან 9 მილიონს, ძირითადად ამერიკის სამი პრეზიდენტის გამასპინძლებისთვის, იმ პიარისთვის, რამაც საქართველოში ჩამოსული ტურისტების რიცხვი 80 ათასიდან 8 მილიონამდე გაზარდა და საქართველო მსოფლიო რუკაზე დასვა.

დღეს დადასტურდა, რომ მთავრობამ პიარზე (ძირითადად შიდა პიარზე, ე.ი. მოსახლეობის გასულელებაზე) 140 მილიონი ლარი დახარჯა და ესენი მასამართლებენ მე, ჰილარის თხილისა და "რედ ბულისათვის".

სხვათაშორის, დააკვირდით 2012 წელს რა იაფი ღირდა ყველაფერი დღევანდელთან შედარებით. სწორედ იმიტომ, რომ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ლიდერია ინფლაციაში ე.ი. პურის, ხორცის, ზეთის, ყველის, მწვანილის, წამლების ფასების ზრდაში.

ეს ყველაფერი სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ!" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება, მათ შორის ჰილარი კლინტონის გამასპინძლებისთვის.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2013-2020 წლებში ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებში პიარსამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 140.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან ყველაზე სოლიდური თანხა, 19.9 მლნ ლარზე მეტი, 2016  წელს დაიხარჯა.


close დახურვა