logo
ENG



სააკაშვილი: პარტიულ ერთიანობაზე შევქმნათ მანიფესტი, ვინც ხელს არ მოაწერს, ენმ-ს გარეთ იქნება

07 ნოე 202319:41
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: პარტიულ ერთიანობაზე შევქმნათ მანიფესტი, ვინც ხელს არ მოაწერს, ენმ-ს გარეთ იქნება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე საუბრობს. მისი თქმით, "არ აქვს პრობლემები კონკრეტული ადამიანების მიმართ, თუმცა ვერ დაეთანხმება ცალკეულ მიდგომებს".

სააკაშვილის თქმით, ვერ იზიარებს ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილისა და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. სააკაშვილი არსებულ ვითარებაში საქმეზე კონცენტრაციის საჭიროებაზე და პირადი ამბიციების გვერდზე გადადებაზე საუბრობს.

"როგორც დაგპირდით, ვიწყებ ჩემი მოსაზრებების გამოქვეყნებას მომავლის ხედვებზე.

ამ დღეებში ბევრი კამათია პარტიის ერთიანობაზე. მათ შორის, ბევრი კითხვა ისმება ჩემს დამოკიდებულებაზე ცალკეული ადამიანების მიმართ.

მე არ მაქვს პრობლემები კონკრეტულ ადამიანებთან, მაგრამ ვერ დავეთანხმები ცალკეულ მიდგომებს. მე ვარ შიდა პარტიული დებატების მომხრე, რაც ყოველთვის იყო ნაციონალური მოძრაობის ძლიერი მხარე.

დებატები საქმეზე არის ის, რაც აცოცხლებს სიტუაციას, მაგრამ მას შემდეგ, რაც დებატების შედეგად გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მისი რევიზიის მცდელობა ჩემთვის მიუღებელია.

ამიტომ, კატეგორიულად ვერ გავიზიარებ ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილის და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით.

ისინი აბსოლუტურად ლეგიტიმურად აირჩნენ ფართოპარტიული არჩევნების შედეგად და ამ თემაზე ამდენი ხანი კამათი გვაკარგვინებს მთავარ მიმართულებას და ეს მხოლოდ ოლიგარქის ინტერესებშია.

ახლა ჩვენ, არსებულ სიტუაციაში, როგორც არასდროს გვჭირდება კონცენტრაცია საქმეზე და არა პირად ამბიციებზე და წყენაზე.

ევროპა უკრაინის გმირობის და ტრაგედიის ფონზე გვაძლევს შანსს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ ქვეყანა პრაქტიკულად ოკუპირებულია და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელებმა კარგად იციან, რომ ჩვენ ხალხს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, მათ მაინც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ამ სტატუსთან მიმართებაში.

ამიტომ, დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია", - წერს სააკაშვილი. 

ის სთავაზობს ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის პარტიის მხარდამჭერებსაც, 23 ნოემბრამდე შემუშავდეს მანიფესტი, რომელშიც იქნება შესული ყველა ფუნდამენტური საკითხი, მათ შორის, პარტიული ერთიანობის შეთანხმება, რომელსაც ერთობლივად მოაწერენ ხელს. სააკაშვილის თქმით, ის, ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს, "ავტომატურად დააყენებს თავს პარტიის გარეთ".

"ჩვენ ხალხთან ერთად უნდა შევიმუშავოთ კონცეფცია, თუ როგორ ვაპირებთ ოლიგარქის მარწუხებისგან გათავისუფლებას და შემდეგ როგორი ქვეყნის აშენებას შევძლებთ.

მე ვთავაზობ ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს და მხარდამჭერს 23 ნოემბრამდე, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე, ერთად შევქმნათ მანიფესტი ამ საკითხებზე. შემდეგ, 23-ში, ამ მანიფესტს, სადაც იქნება შესული ყველა ფუნდამენტური საკითხი, ერთობლივად მოვაწეროთ ხელი.

მანიფესტი უნდა შეიცავდეს ასევე პარტიული ერთიანობის შეთანხმებას. თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა. ჩვენ კი შევძლებთ მომავალზე სრულად კონცენტრირებას.

ეს მანიფესტი უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის და განახლების უნარის პრეზენტაცია", - წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას წინ უძღოდა მისივე განცხადებები, რომლებმაც საზოგადოებასა და პარტიაში დაბნეულობა გამოიწვია. კერძოდ, 3 ნოემბერს სასამართლო პროცესზე მან ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ერთიანობის მომხრეა მაგრამ, თუ პარტიის შიგნით უნდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გავიდნენ და რაღაც საკუთარი გააკეთონ.

სააკაშვილის განცხადების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ "სააკაშვილის განცხადება პირადად ნიკა მელიას ეკუთვნოდა". 

მოგვიანებით, 5 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მისი განცხადება არ ეხებოდა ნიკა მელიას. მან თქვა, რომ "მაღალი წარმოდგენისაა ნიკა მელიას დამსახურებასა და შესაძლებლობებზე" და აღნიშნა, რომ 3 ნოემბერს პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.


close დახურვა