logo
ENG



სააკაშვილი არასამთავრობოებს მოუწოდებს, მაგნიტსკის სიაში სუბიექტების შეყვანაში ჩაერთონ

11 იან 202312:10
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი არასამთავრობოებს მოუწოდებს, მაგნიტსკის სიაში სუბიექტების შეყვანაში ჩაერთონ

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ მის მიერ ინიცირებულ მაგნიტსკის სიაში იმ სუბიექტების შეყვანაში, რომლებიც მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის მიღებაში ხელს უშლიან.

"გუშინდელი სასამართლო პროცესიდან, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების გამოსვლიდან მე გავიგე რამდენიმე რამ:

1. სამინისტრო არ ენდობა არცერთი მისი შერჩეული ექიმის დასკვნას

2. ის, რომ ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში, 50 კილო დავიკელი, ვერ დავდივარ და ა.შ. 2017 წლის კიევის მოვლენების ბრალი ყოფილა. ჩემი აზრით, 4 წლის ასაკში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი და სამი კბილი მოვიტეხე - სინამდვილეში ესაა ყველაფერში დამნაშავე და არა ის, რომ მირტყეს, ასფალტზე და იატაკზე მათრიეს, შუმოკი მომიწყვეს და მომწამლეს თბილისში. ვინმე ნიკოლაიშვილი ეუბნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს, რომ არ ვენდობი შენს დიაგნოზსო, ოღონდ ამ ნიკოლაიშვილს გორის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პრაქტიკულად გენიოს ლაჰანს (რომელიც 12 წლის ასაკში გახდა სტუდენტი, დაჯილდოებულია ამერიკის ყველა მთავარი ჯილდოთი) ეკამათება მედიცინაზე.

ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი.

Რაც შეეხება მსგავსი სუბიექტების გლობალური მაგნიტსკის სიაში ჩართვას, მე მოვუწოდებ ამ საქმეში აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან ეს არაა პარტიული საკითხი", - წერს სააკაშვილი. 

***

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილამ მაგნიტსკი აქტის ავტორს ბილ ბრაუდერს 8 იანვარს მიმართა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში დაეხმაროს, ვიდრე "ლეტალური შედეგი დადგება".

ბილ ბრაუდერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ასევე 8 იანვარს უპასუხა და იმ დოკუმენტების გადაცემა სთხოვა, რომელშიც აღნიშნული იქნება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაზე.

"მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომლებშიც ეწერება, თუ ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ", - დაწერა ბრაუდერმა Twitter-ზე.

მაგნიტსკი აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა.

2016 წელს მიღებულ გლობალურ მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

2022 წლის 23 დეკემბერს მაგნიტსკი აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და თუ მას სამკურნალოდ ევროპაში არ გადაიყვანენ, ამას "მხოლოდ მკვლელობა შეიძლება ეწოდოს".

ბრაუდერის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.


close დახურვა