logo
ENG



სააკაშვილი გახარიას პარტიის მოთხოვნაზე: აღიზიანებთ, რომ აღვიდგინე საუბრის უნარი

22 დეკ 202314:22
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში ეხმაურება გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის მოთხოვნას, მისი საპატიმროში გადაყვანის შესახებ.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის "ახლაც ციხეში იმყოფება", რადგანაც იგი იმყოფება "უჟანგბადო" სივრცეში, სადაც შეზღუდული აქვს მნახველებთან შეხვედრის უფლება.

მესამე პრეზიდენტი ასევე წერს, რომ გახარიას პარტიის გაღიზიანების მთავარი მიზეზი არის ის, რომ მან "აღიდგინა საუბრის უნარი", და სურთ, სააკაშვილმა ვერ შეძლოს ამომრჩევლისთვის მიმართვა.

"გუშინ, ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზი ჩემი "სასამართლო" სხდომაზე ჩართვა იყო. თურმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ საქმეზე პოლიტიკაზე საუბარი როგორ გავბედე და თანაც, კიდევ უფრო დიდ ცოდვად რამდენიმე ფრაზის უკრაინულად თქმა ჩამითვალეს.

ამ "-----" (დაარქვით რაც გსურთ) მინდა ვუთხრა, ჯერ ერთი, მე ახლაც ციხეში ვარ, ბოლო წელიწადზე მეტს უჟანგბადო სივრცეში ვატარებ, რომელშიც მზის სხივი არ აღწევს და არც სეირნობაა შესაძლებელი. აქ მე უკიდურესად შემიზღუდეს კონტაქტები და ერთადერთი ვისი რეგულარულად ნახვის ფუფუნება მაქვს არის დედაჩემი, რომელსაც მოაქვს საკვები, მას შემდეგ, რაც ციხეში მძიმე მეტალებით მოწამვლა დამიდასტურდა.

ამ არსების მთავარი გაღიზიანების წყარო არის ის, რომ მე აღვიდგინე საუბრის უნარი და რუსთავის ციხეში გადაყვანაც სწორედ იმიტომ სურთ, რომ იქ სამედიცინო ყურადღების უკიდურესი შეზღუდვის პირობებში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დიდი შანსია.

მოკლედ ამათ სურთ, რომ მე წამერთვას ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, (სხვანაირად ეს გამოხტომა არ აიხსნება) შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ რუსთავის ციხიდან ადმინისტრაცია ვალდებული იქნება სასამართლო სხდომებზე მატაროს და იქ კიდევ უფრო თავისუფლად შევძლებ საუბარს, ოღონდ ამათ დიდი იმედი აქვთ, რომ ცუდად გავხდები და არაფრის თავი არ მექნება, ან თუ მოვკვდები მაშინ ჰგონიათ, რომ ბედნიერება ეწვევა", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

***

21 დეკემბერს გაკეთებული განცხადებიტ, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის და ქართული ოცნების ყოფილი ლიდერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანონ.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ დაუშვილმა თქვა, "მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიც ქართული ოცნებაა".

ამასთან, პარტია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, "უზრუნველყოს კანონმდებლობის აღსრულება და არ მისცეს უცხო ქვეყნსი მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება".


close დახურვა