logo
ENG



სააკაშვილი ზუგდიდის აქციას: იქნებით კოლონის სათავეში, რომელიც გაათავისუფლებს ქვეყანას და მეც

27 ოქტ 202122:15
3 წუთის საკითხავი
clock 1709
სააკაშვილი ზუგდიდის აქციას: იქნებით კოლონის სათავეში, რომელიც გაათავისუფლებს ქვეყანას და მეც
როდესაც დავბრუნდი საქართველოში, პირველად ჩემი დედულეთის, ჩემი სამარგალოს, ჰაერი ჩავისუნთქე.
 
ეს იყო ნისლიანი ჰაერი პალიასტომის ტბისა, ჰაერი ჯადოსნურად ლურჯი ტობავარჩხილის, ჰაერი მაცოცხლებელი ლუგელასი, ჰაერი ხიბულასი, რომელმაც გულში ჩაიკრა ჩვენი პირველი პრეზიდენტი, ჰაერი გოროზი ნოქალაქევის, ჰაერი დიდი კონსტანტინეს პატარა აბაშის, და რა თქმა უნდა, ჰაერი ჩემი საყვარელი ანაკლიისა და ლეგენდარული რუხის ციხისა. ჰაერი იმ მხარის, სადაც ყოველი კუთხე-კუნჭული ფეხით ბევრჯერ მაქვს შემოვლილი.
 
თავისუფლების ეს ჰაერი ციხის ჩემს დაბურულ ფანჯარაშიც კი აღწევს. ის მოქრის ჩემი საყვარელი "ჩელას" მხარიდან. ყოველთვის მაოცებდა ამ მხარის, უძველესი კოლხეთისა და მისი ხალხის სილამაზე და სიმამაცე, და უკვე მერამდენედ - საქართველოს გათავისუფლება სამეგრელოდან იწყება.
 
იცით, ამ ჰაერს კიდევ რა ჰქვია? ეს თავისუფლების ჰაერია! ზუსტად ვიცი, რომ თქვენ იქნებით იმ კოლონის სათავეში, რომელიც სრულიად საქართველოს გაათავისუფლებს და გამათავისუფლებს მეც. კანონზომიერია, რომ პირველებმა სწორედ თქვენ ჩაუშალეთ ამ მოძალადე მთავრობას მცდელობა მხედრიონის ტიპის სადამსჯელო ოპერაცია ჩაეტარებინა სამეგრელოში, პირველებმა თქვენმა პოლიციელებმა ამოიღეს ხმა.
 
მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ვინაიდან მინდოდა ლაზიკა, მინდოდა მდიდარი საქართველო, მინდოდა, მომეცა თქვენთვის წარმატება და მომავალი.
 
ლაზიკა აუცილებლად აშენდება - ჩემი ოცნების ქალაქი, როგორც ზუგდიდის გაგრძელება, რაც პირეოსია ათენისთვის; როგორც დუბაი და სინგაპური; საქართველო - კავკასიისა და მთელი შავიზღვისპირეთისთვის რეგიონის მთავარი ცენტრი, სადაც მინიმალური ხელფასი 1000 დოლარი იქნება.
 
მეც თქვენებური ვარ და, როდესაც საკუთარი ნებით შევდიოდი პუტინისა და ივანიშვილის ციხეში, კარგად მახსოვდა, რომ ჩვენ ცოტნე დადიანის შთამომავლები ვართ და ძარღვებში მისი სისხლი გვიდუღს!
 
ძალიან მალე, შეხვედრამდე, გამარჯვებული საქართველოს დედაქალაქში!

close დახურვა