logo
ENG



სააკაშვილი მელაშვილის დაკავებაზე: ინსტიტუტების რღვევის, სიღატაკის გადაფარვის მცდელობაა

07 ოქტ 202021:40
3 წუთის საკითხავი
clock 1821
q57jbuppfmvv2vg.jpeg

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის და წევრის, ნატალია ილიჩევას დაკავება მცდელობაა, ქართულმა ოცნებამ გადაფაროს ის, რაც ხდება საქართველოში: 

"სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, მთელი ქვეყნის გადაქცევა ერთი ახირებული ფეოდალის საკუთრებად - ამ ყველაფრის გადაფარვა ისეთი სისულელით, რასაც 3 წლის ბავშვიც არ დაიჯერებს. 

მე მინდა ვუთხრა ბატონ ივერის: სულ ცოტა კიდევ გაძელით, ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება, საქართველო დაიწყებს წინ მოძრაობას დიდი ტემპით და ვერავინ შეძლებს, შექმნას ქაოსი და არეულობა ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი გზით და ამას წინ ვერ დაუდგება ვერანაირი სიცრუე და მანიპულაცია". - თქვა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ-მიმართვაში

პროკურატურამ დღეს, 7 ოქტომბერს, დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით დააკავეს და ბრალი წარუდგინეს. 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების მიმართ გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 

"ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე". - ამბობს პროკურატურა. 

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, პროკურატურამდე ინფორმაცია რუსული სპეცსამსახურების გზით მივიდა. 

უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". პროკურატურის მტკიცებით, მელაშვილი და ილიჩოვა საზღვრის დადგენის პროცესში არ იყენებდნენ სათანადო რუკებს. დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ და მათ მიმართ გამოძიებას პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ. 

პოლიტიკურ და რუსულ ინტერესებზე ლაპარაკობს ოპოზიციაც. 

აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაზე გამოძიების დაწყებას პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი 2019 წლის ივნისში ითხოვდა. 

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქმის გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა (2020 წლის 29 სექტემბერს), კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ და კომისიის მუშაობას "მოღალატეობრივი" უწოდა. 

რა ვიცით დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების საქმეზე, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა