ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მასალები, რომელიც ექსპერტიზაზე უნდა ყოფილიყო, კერძო ტელევიზიის ხელში აღმოჩნდა. მისივე თქმით, მათთვის ისიც უცნობია, სააკაშვილის კადრები, რომელიც იმედის ეთერში გავიდა, ავთენტურია თუ არა.
"ეს არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, როგორი დეგრადირებულია პროკურატურა საქართველოში, რადგან დალუქული მასალები, რომლებიც ექსპერტიზას უნდა ჰქონდეს, აღმოჩნდა კერძო ტელეკომპანიის ხელში. რაც შეეხება მის არსსა და მასზე რეაგირებას, ჩვენთვის ისიც უცნობია, ეს კადრები ავთენტურია თუ არა. ბატონ პრეზიდენტს ეს კადრები არ უნახავს", - ამბობს თუთბერიძე.
მისივე თქმით, გავრცელებულ მასალებში ისეთი არაფერია, რაზეც ახსნა-განმარტების გაკეთება იქნება საჭირო.
ტელეკომპანია იმედმა ექს-პრეზიდენტის კადრები 21 ოქტომბერს გაავრცელა. არხის მტკიცებით, ვიდეო მაშინაა გადაღებული, როცა სააკაშვილი სატვირთოთი ქვეყანაში შემოსვლას ცდილობდა. იმედისვე ნარატივით, მოვლენების განვითარების შესაბამისად სააკაშვილი სხვადასხვა სცენარისთვის ვიდეოებს იწერდა, მათ შორის განიხილავდა გატაცებას.