საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში პატიმრობაშია მოწამლული, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს - წერს Politico სააკაშვილზე მიღებულ რეზოლუციაზე დაყრდნობით.
"საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გასული წლის მარტში, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად შეიტანა, მაგრამ, ამ ორისგან განსხვავებით, მას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა და ჯერ მოუწევს რამდენიმე რეფორმის განხორციელება - მათ შორის, ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება.
ევროკავშირში გაწევრიანების იდეას საქართველოს საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს, ვერ აჩვენა თავისი ერთგულება ამ ევროპული მისწრაფებების მიმართ, რამაც გააჩინა კითხვები, ხომ არ ცდილობს ქართული ოცნება დააკმაყოფილოს რუსეთი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების ხარჯზე.
სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს, მას შემდეგ რაც ის საქართველოში, 7-წლიანი იძულებითი დევნილობის შემდეგ დაბრუნდა. მას შემდეგ ყოფილი პროდასავლელი პრეზიდენტი დაკავებულია და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. სხვადასხვა დროს ის გაფითრებული და დაქანცული იყო, ხოლო ბოლო რამდენიმე კვირაში თბილისის სასამართლოში მისი [ვიდეოზარით] გამოჩენისას, ის ძალიან გამხდარი იყო. ამ თვეში სააპელაციო სასამართლომ მისი შუამდგომლობა გათავისუფლების შესახებ [ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო] არ დააკმაყოფილა", - წერს Politico.
Politico წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან სათავეში საერთაშორისო დიპლომატიურ წნეხს განიცდის, როგორც ევროკავშირის, ისე ამერიკის მხრიდან, იმ მოტივით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები მოგვარდეს.
პოლონეთმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ მზად არიან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიღონ და უმკურნალონ, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ამბობს, რომ ეს ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
Politico ასევე რეზოლუციის იმ ნაწილზეც წერს, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, ოლიგარქზე და ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრზე, რომელიც "სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებაზეა პასუხისმგებელი".
***
15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დეპუტატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ შეშფოთებას გამოხატავენ და ხელისუფლებას მისი სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ.
ამასთან, მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ სააკაშვილის შეწყალების მიზნით თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს. შესწორების ნაწილში მოხვდა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერიც, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარები პარტნიორებს მოუწოდებენ, მისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ. მათი თქმით, სააკაშვილის პატიმრობა არის "ივანიშვილის პირადი ვენდეტის ნაწილი".
ტექსტში საუბარია იმაზეც, რომ პატიმრებისადმი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.