logo
ENG



სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ დისციპლინური ზომები მიიღეს, რის გამოც მკურნალობას წყვეტს

07 დეკ 202122:44
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ დისციპლინური ზომები მიიღეს, რის გამოც მკურნალობას წყვეტს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს. მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პროტესტის მიზეზი დისციპლინური წარმოების დაწყება და მნახველების შეზღუდვაა.

სააკაშვილის თქმით, მე-18 დაწესებულების თანამშრომლებმა უთხრეს, რომ სამედიცინო აპარატის დაზიანების გამო, მის წინააღმდეგ დისციპლინურ ზომებს გაატარებდნენ, რის გამოც შეხვედრები და ტელევიზორზე წვდომა შეეზღუდება. 

"[სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებიდან] დაახლოებით ექვს საათში ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მეთვრამეტე დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება. რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ასევე ტელევიზიის ჩამორთმევას.

ამის შემდეგ დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლისა და ჩემი მონახულებისა, დაახლოებით ოთხი საათი აცდევინეს ქუჩაში და დააბრუნეს უკან თბილისში. ასევე, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია. ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნებზე და მათ არ აიღებს ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემ წინააღმდეგ. ამიტომ მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ პროტესტს სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს და არ გააუქმებენ დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას.

დღეს, 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია.

ასევე, კანონდარღვევად მიიჩნია რეანომობილში განვითარებული მოვლენებისა და N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება და იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს facebook-სა და ოფიციალურ ვებგვერდებზე ყველა ზემოთ აღნიშნული ვიდეოს წაშლა დაავალა.


close დახურვა