logo
ENG



სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმება დაიწყო

15 თებ 202319:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/15/a3ltlvhyl9cxven.png

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმება დაიწყო.

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სამსახურში მიმდინარეობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერების 2022 წლის 14 დეკემბერს გასაჯაროების კანონიერების შემოწმება, რომელთან დაკავშირებით აქტიურად ტარდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მოქმედებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, შესწავლის შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით აცნობებენ.

დღეს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, "საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით" მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა. მათი ცნობით, გავრცელებული მასალა ბოლო თვეებშია გადაღებული, მათ შორის უკანასკნელი 9 თებერვალსაა გადაღებული.

სამსახურის თქმით, "გარკვეული მედიასაშუალებები", საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად" ავრცელებენ კადრებს, რომელთა მიხედვითაც, "მსჯავრდებულს  არ შეუძლია დამოუკიდებლად  ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება.“

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ამ კადრებში, "ნათლად ჩანს", რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს.


close დახურვა