logo
ENG



სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე ბრალს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს წაუყენებენ

10 დეკ 202111:14
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა ლორთქიფანიძეს სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთაში დახმარებას ედავება.

უწყებაში ამბობენ, რომ გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ სააკაშვილი საზღვრის გადაკვეთას აპირებდა და დაგეგმა როდის, რა საშუალებით და რა მარშრუტით უნდა ჩამოსულიყო სააკაშვილი.

გამოძიების ვერსიით, ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში შეხვდა ელგუჯა ცომაიას და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია იგი, მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთოთი გადაეყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. სექტემბერში ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა ცომაიას და მოსთხოვა უკრაინაში ჩასვლა. 

როგორც პროკურატურაშ ამბობენ, 20 სექტემბერს ცომაია უკრაინაში გაემგზავრა, სადაც მანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და გიორგი ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა.

"26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ელგუჯა ცომაია კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე შეიყვანეს.

28 სექტემბერს, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა აღნიშნული გემი, რომლიდანაც 29 სექტემბერს, ჩამოვიდა ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით და მისაბმელში იმყოფებოდა მსჯავრდებული სააკაშვილი.

ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.წ. გეზთან, მათ ელოდებოდნენ შალვა წოწორია და ზურაბ წოწორია მათი მართვის ქვეშ მყოფი მერსედესის მარკის ავტომანქანით, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და ცომაია გადასხდნენ. აღნიშნული ავტომანქანით მიხეილ სააკაშვილი და ცომაია აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში ჩავიდნენ.

29 სექტემბერს ცომაია და მიხეილ სააკაშვილი FORD-ის ფირმის მიკროავტობუსით, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, და იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ.

იმავე დღეს, მიხეილ სააკაშვილი და ცომაია გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ SCANIA-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში და გიორგი ნარიმანიძესთან ერთად ჩამოვიდნენ თბილისში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცომაიას საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა. სამართალდამცველებმა იგი აღნიშნულ ბინაში 1 ოქტომბერს დააკავეს", - აცხადებენ პროკურატურაში.

გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება. პროკურატურის ინფორმაციითვე, ლორთქიფანიძე 26 მაისის საქმეზე ბრალდებულია და სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალი დაკავებიდან 20 დღის შემდეგ წარუდგინეს.

საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სააკაშვილთან ერთად, იმავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია. 

ასევე, სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები

მათი საქმეები ერთმანეთისგან გამოყვეს და სასამართლო ცალ-ცალკე ეპიზოდებად განიხილავს.


close დახურვა