logo
ENG



სააკაშვილის შტაბის იდეას ოპოზიციის უმრავლესობა დადებითად შეხვდა

08 თებ 202019:35
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოცნების ლიდერის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის ბრძოლის განახლებას გეგმავს. მიხეილ სააკაშვილმა პირადი შტაბის გახსნა დააანონსა და განაცხადა, რომ წინააღმდეგობის ახალ ფრონტში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს და უპარტიო ადამიანებს მოიაზრებს.

გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილი სხვა პარტიების შესაძლო ჩართვაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მზადაა ითანამშრომლოს როგორც პარტიებთან, ისე - ახალგაზრდულ მოძრაობებთან და ორგანიზაციებთან. მისი თქმით, პლატფორმის საშუალებით მოქალაქეები მარტივად შეძლებენ კომუნიკაცია დაამყარონ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან. 

ვინ რა ფორმით  ჩაერთვება სააკაშვილის  პირადი შტაბის საქმიანობაში, ამაზე ინფორმაცია სააკაშვილის თანაპარტიელ ზაალ უდუმაშვილს არ აქვს. იგი აცხადებს, რომ ნებისმიერ წამოწყებას მიესალმება, რომელიც ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისკენ იქნება მომართული. უდუმაშვილი ასევე აცხადებს, რომ პირადი შტაბის შექმნა სააკაშვილის პარტიიდან წასვლას არ გამოიწვევს.

ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, ყველა სამართლებრივი მოსაზრება თუ ქმედება, რომელიც სასარგებლო იქნება მიზნის მისაღწევად, მათთვის მისაღებია. ინიციატივა არასერიოზულს უწოდებენ მმართველ გუნდში.​

გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციური გაერთიანება საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ის სააკაშვილის პირადი შტაბის გახსნას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მზადაა ნებისმიერი სახის თანამშრომლობისთვის. სააკაშვილის პირადი შტაბის გახსნას დადებითად აფასებენ სხვა ოპოზიციონერებიც.

სააკაშვილის ინიციატივას არასერიოზულად უყურებენ უმრავლესობაში. გია ვოლსკი შტაბის გახსნის აზრს ვერ ხედავს. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას კი ამ საკითხზე პოლიტიკური შეფასების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. 

რაც შეეხება ექსპერტების შეფასებას, გია ხუხაშვილის აზრით, სააკაშვილი შტაბის გახსნით ცდილობს შეინარჩუნოს ლიდერის პოზიციები და ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული პოლუსის პოზიცია.


close დახურვა