logo
ENG



სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მკურნალობას აგრძელებს

08 დეკ 202112:12
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მკურნალობას აგრძელებს.

როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია, შესაბამისად, პროტესტი ამოწურულია.

"პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი. პროტესტის ეს ფორმა გაჟღერებული იყო იმის გამო, რომ მისთვის შეზღუდვები ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც ეს შეზღუდვები ფაქტობრივად გაუქმდა და უკან დაიხია პენიტენციურმა სამსახურმა, ბუნებრივია, ეს პროტესტის ფორმა არის ამოწურული", - თქვა ადვოკატმა.

სააკაშვილმა გუშინდელი დღიდან, 7 დეკემბრიდან მკურნალობაზე უარი თქვა. მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პროტესტის მიზეზი დისციპლინური წარმოების დაწყება და მნახველების შეზღუდვაა. სააკაშვილის თქმით, მე-18 დაწესებულების თანამშრომლებმა უთხრეს, რომ სამედიცინო აპარატის დაზიანების გამო, მის წინააღმდეგ დისციპლინურ ზომებს გაატარებდნენ, რის გამოც შეხვედრები და ტელევიზორზე წვდომა შეეზღუდება. 

პენიტენციურ სამსახურში კი თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის არც შეხვედრები შეუზღუდავთ და არც ტელევიზორი ჩამოურთმევიათ. 


close დახურვა