სააპელაციო სასამართლო თბილისის ზღვაზე, ე.წ. სიკვდილის ზონის საქმის განხილვას იწყებს.
სასამართლოს წინა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც, მერიას ამ ტერიტორიაზე, გამაფრთხილებელი ბანერებისა და ბარიერების მონტაჟი დაევალა, მუნიციპალიტეტმა გაასაჩივრა. უწყება თბილისის ზღვაზე სახიფათო ადგილების დაცვის ვალდებულებას არ აღიარებს.
„მერიას მოვუწოდებთ, დაემორჩილოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და განახორციელოს ეს ქმედება, ვინაიდან სეზონი იწყება აპრილის თვიდან და მოქალაქეები კვლავ არიან საფრთხის ქვეშ. რაც შეეხება კომპენსაციის ნაწილს, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საბოლოოდ ამას მივაღწევთ, რადგან სტრასბურგამდეც რომ მივიდეს ეს საქმე, სტრასბურგის გადაწყვეტილებები ჩვენ გვაქვს მსგავს საქმეებზე და გვინდა, რომ ბოლომდე მივყვეთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა.
აღნიშნულის საქმის გამო, მერიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძეც აკრიტიკებს.
„თბილისის ზღვის ერთ კონკრეტულ ადგილას, ყოველ წელს იღუპება რამდენიმე ბავშვი. მერიას და თბილისის მერს, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ეტაპზე არ აქვს შეგნება იქამდე განვითარებული, რომ ყველანაირი დავის და რკინის ქალამნების, სასამართლოში სიარულის გარეშე ჩააყენოს ჯებირები იმ ადგილას, რომელსაც სიკვდილის ზონა ჰქვია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ტერიტორიაზე რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა.