logo
ENG



სააპელაციომ ია კერზაიას შვილის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა - დავა სტრასბურგში გაგრძელდება

25 თებ 202020:32
3 წუთის საკითხავი
 

სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ადმინისტრაციული სარჩელის განხილვაზე, რომელიც აუდიტის დასკვნისა და განათლების მინისტრის ბრძანების გაუქმებას ეხებოდა, უარი თქვა.

გადაწყვეტილების მიზეზად მოსამართლემ აუდიტის დასკვნის და მინისტრის ბრძანების გაუქმების იურიდიული ინტერესის არ არსებობა დაასახელა.

ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ სააპელაციო სასამართლოს უარს აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება უწოდა. ის აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ამასთან, შენგელაია ამბობს, რომ სასამართლომ პროცედურული საკითხებიც დაარღვია, რადგან გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაზღვრულ ორ თვეს გადააცილა და ამისთვის რვა თვე დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ განათლების მინისტრის ბრძანებით ჩატარდა აუდიტორული შემოწმება წლინახევრის წინ ზუგდიდის მე-6 სკოლაში, რის შემდეგაც დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ოჯახის მტკიცებით, ამას მოჰყვა ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისი გარდაცვალება.

რაც შეეხება პოლიტიკოსების მოსაზრებებს, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ია კერზაიას საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და სიმართლის დადგენა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახდება შესაძლებელი, რადგან სამართლიანი სასამართლოს შემთხვევაში გადაწყვეტილება ხელისუფლების საწინააღმდეგო იქნება.

კომენტარს ია კერზაიას საქმეზე არ აკეთებენ განათლების სამინისტროში, რომელიც ბაჩანა შენგელიას სარჩელის უშუალო მოპასუხეა. კომენტარები არ გაუკეთებიათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც. ერთი სარჩელი ბაჩანა შენგელიას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უკვე გაგზავნილი აქვს. ის ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევის, არასრული გამოძიებისა და დისკრიმინაციის ნიშნით ია კერზაიას პოლიტიკური დევნის დადგენას ითხოვს.

შეგახსენებთ, ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დამნაშავის გამოვლენის გარეშე დაასრულა.  


close დახურვა