სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სოფელ ჯიღაურაში უკანონოდ აშენებული ცემენტის ქარხნის დემონტაჟი დაიწყეს.
ადგილობრივების პროტესტი ცემენტი ქარხნის წინააღმდეგ დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. ქარხანა სახლებიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით დგას, რის გამოც მოსახლეობას მუდმივად აწუხებდა ხმაურის, მტვრისა და გამონაბოლქვის პრობლემა. პროტესტს, დაწყებისთანავე აქტიურად აშუქებდა მედია, მათ შორის ტელეკომპანია ფორმულა.
ადგილობრივები ყვებოდნენ, რომ ცემენტის ქარხნის მფლობელებს გავლენიანი მფარველები ჰყავდათ. მცხეთის მერიაშიც აღიარებდნენ, რომ ქარხნის მშენებლობა და მუშაობა უკანონო იყო, თუმცა ამტკიცებდნენ რომ დემონტაჟი მათ კომპეტენციაში არ შედიოდა.
დემონტაჟის განკარგულება მცხეთის მერიამ გასცა, თუმცა ქარხნის მფლობელმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ქარხნის მფლობელმა დავა ორივე ინსტანციაში წააგო.