logo
ENG



საარჩევნო დარღვევების განხილვა სააპელაციო სასამართლოში 18 საათზე მეტია მიმდინარეობს

07 ნოე 202408:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/07/50kreq3n455z36q.jpeg

თბილისის სააპელაციო სასამართლოში არჩევანის ფარულობასთან და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით პროცესი 18 საათზე მეტია მიმდინარეობს. 

პროცესზე ჯამში 40 ოლქზე გამოვლენილი დარღვევები განიხილება. ცნობილია, რომ სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ორგანიზაცია ჩემი ხმის სარჩელები გააერთიანა და ერთ პროცესზე განიხილავს.

"დღეს (უკვე გუშინ) თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა საიას 12 საქმე (40-მდე ოლქის წინააღმდეგ) და კოალიცია ჩემი ხმის საქმეები. 

პროცესის დაწყებისას, ვიშუამდგომლეთ, რომ საქმეები გამიჯნულიყო, რადგან ამ მოცულობის საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება არ იყო გონივრული და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას გამოიწვევდა. ასევე დავსვით კითხვები, როდესაც საჩივრები თავდაპირველად სხვადასხვა მოსამართლეს დაეწერა, რატომ მოხდა მათი გაერთიანება. 

დიმიტრი გვრიტიშვილმა გვიპასუხა, რომ რადგან სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციაა, არ იქნებოდა სწორი, ერთგვაროვან მოთხოვნებზე სხვადასხვა მოსამართლეს მიეღო გადაწყვეტილება, რადგან პრაქტიკა სხვადასხვაგვარი ვერ იქნებაო. ამით ფაქტობრივად აღიარა, რომ სხვადასხვა მოსამართლესთან ამ საქმეების განხილვისას ალბათობა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილებები მიგვეღო, არსებობდა. 

ახლა, როდესაც ეს პროცესი ჯერ ისევ გრძელდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ დასავლეთ საქართველოში ხმის ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა. 

რა თქმა უნდა, სისტემა არ დაუშვებს, რომ განსხვავებული პრაქტიკა არსებობდეს დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სააპელაციო სასამართლოების დონეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებაც გამოცხადებულია. თუმცა, ფორმალურად პროცესი გრძელდება და მივყვებით ეტაპებს", - წერს საიას ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე.

ქურდოვანიძის ცნობითვე, სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ჯერ არ გადასულა. 

"საქმის გადადების, დაყოფის, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობები რამდენჯერმე დავაყენეთ, არ დაკმაყოფილდა", - წერს ქურდოვანიძე. 


close დახურვა