logo
ENG



საარჩევნო კოდექსი გაუარესდა - ოპოზიცია და მესამე სექტორი ოცნებას აკრიტიკებს

03 ივლ 202020:08
3 წუთის საკითხავი
 

მედიისთვის სადავო საკითხებზე უკან დახევის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში მაინც ჩატოვა ისეთი მუხლები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა კრიტიკას იწვევს. მთავარ ხარვეზებს შორის სახელდება ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი, ამომრჩევლის მოსყიდვა და საარჩევნო დავები.

ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებმა დიპლომატების შეფასებებიდან ისევ მათთვის სასურველი ნაწილები ამოიკითხეს. „ფორმულას“ კი არ პასუხობენ კითხვაზე - რატომ დატოვა იმედგაცრუებული არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ ევროკავშირის ელჩი, რომელიც უფრო ამბიციურ საარჩევნო რეფორმას ელოდა.

საერთაშორისო პარტნიორების შენიშვნები არ გაჰკვირვებიათ მესამე სექტორის წარმომადგენლებს.  სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ საარჩევნო კოდექსში რამდენიმე ფუნდამენტური ცვლილების შეტანას. მათ შორის არის საარჩევნო უბნებთან 25 მეტრიანი სავალდებულო დისტანციის დაცვა. მესამე სექტორი ფიქრობს, რომ ეს პერიმეტრი საკმარისი არ არის და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების საფრთხეს ქმნის. „ქართულმა ოცნებამ" მათი შენიშვნა არც საარჩევნო დავების ნაწილში გაიზიარა; ღიად დარჩა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის ცვლილება - ეს პუნქტი რომ კითხვის ნიშნებს აჩენს, ცენტრალური საარჩევნო კომისიაც აღიარებს.

საარჩევნო კოდექსი „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის გარეშე დაამტკიცა. „ევროპულ საქართველოსა და „ნაციონალურ მოძრაობას" ბოიკოტის რეჟიმი არ მოუხსნიათ - მათ მმართველ პარტიას საკუთარი ინიციატივები ჯერ კიდევ სამუშაო ფორმატში წარუდგინეს თუმცა ოპონენტების წინადადებები კანონპროექტშიც არ აისახა. ოპოზიციის შენიშვნები  ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებას, ასევე გენდერულ კვოტებს შეეხებოდა.

ამ დამოკიდებულების მიუხედავად, ოპოზიცია საარჩევნო საკითხებზე მუშაობის პროცესში აქტიურად მონაწილეობს. დღეს საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემაც არჩევნები და ეპიდემია იყო. როგორ უნდა მოხდეს ამომრჩევლის უსაფრთხოების დაცვა - ამ საკითხზე მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გრძელდება.


close დახურვა