logo
ENG



საარჩევნო საბჭო: დათვლილია ხმების 99.43%, პირველადი შედეგებით, ერდოღანმა გაიმარჯვა

29 მაი 202300:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/29/jrpx6thoo4fkijw.png

თურქეთის საარჩევნო საბჭოს პირველადი შედეგებით, ხმების 99.43%-ის დათვლის შედეგად არჩევნების მეორე ტურში რეჯეპ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა.

მონაცემების თანახმად, მას 52.14% აქვს, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი 47.86%.

საბჭოს თავმჯდომარის თქმით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და განსაკუთრებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ერდოღანმა ამომრჩეველს მადლობა უკვე გადაუხადა, ქილიჩდაროღლუმ კი თქვა, რომ ბრძოლას გააგრძელებს, ვიდრე თურქეთში დემოკრატია არ იქნება.

თურქეთში წინაასაარჩევნო კამპანია დაძაბულობისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ გააკრიტიკა თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ბრალდებების გამო და განაცხადა, რომ მისი მეტოქე მითითებებს ბაიდენისგან იღებს, ვისი მიზანიც "ერდოღანის ჩამოგდებაა".

11 მაისს ქემელ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი იმ ვიდეოზე, რომელიც არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტაციას ემსახურება.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით შეუძლებელია, კითხვები არსებობდეს და "ყველა, ვინც ამ ჭორებს ავრცელებს მატყუარაა".

ერდოღანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა სოფლის მეურნეობის, თავდაცვის ინდუსტრიასა და ტურიზმში.

ერდოღანმა ქილიჩდაროღლუს შესახებ თქვა, რომ ის მითითებებს ამერიკისგან იღებს - მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ბაიდენმა "ერდოღანის ჩამოგდების" განკარგულება გასცა.


close დახურვა