საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტს ოპოზიცია საერთაშორისო ექსპერტებს უგზავნის. დოკუმენტს 30 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს. ხელისუფლების ოპონენტები ხელმოწერილი დოკუმენტის გაგზავნას ეუთოსა და ოდირისთვის აპირებენ. ისინი დაელოდებიან ექსპერტების პასუხს, ეწინააღმდეგება თუ არა გერმანული მოდელი კანონს და შესაძლებელია თუ არა საარჩევნო ცვლილება განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე.
"ესაა ისტორიული მომენტი, რადგან მთელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მთელი საზოგადოება ნახავს, რომ ყველა ერთიანია ამ პოზიციასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია პროპორციული არჩევნები. ყველა მინუს ერთია", -აღნიშნა "ევროპული დემოკრატების" წევრმა პაატა დავითაიამ.
"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძის თქმით, ეს დოკუმენტი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის გახდება ხელმისაწვდომი და ყველას შეუძლია მის სისწორეში დარწმუნდეს.
"ეს დოკუმენტი გაეგზავნა ყველას და საჯაროც გახდება. "ოცნებას" დიპლომატიური კორპუსიც ეუბნება, რომ უნდა მოისმინოს ხალხის ხმა.",-განმარტა ვაშაძემ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კი დარწმუნებულია დოკუმენტის და ზოგადად გერმანული მოდელის მართებულობაშიც და მის კანონთან შესაბამისობაშიც.
"ამ მოდელს არანირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან არ აქვს. თუ ეჭვი ეპარებათ, რომ კონსტიტუციური მიიღონ და ვისაც ეჭვი ეპარება გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში. შემდეგ უკვე სასამართლომ თქვას, არის თუ არა კონსტიტუციური",-აღნიშნავს ხმალაძე.
დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტით ოპოზიცია ივანიშვილს ეხმარება და აძლევს შანს საბოლოოდ დაარწმუნოს მაჟორიტარები.
"ეს არ არის გერმანული კანონი, ესაა ქართული პროექტი, რასაც შეიძლება ეწოდოს მაჟორიტარების შენარჩუნებით ჯამურად პროპორციულობის უზრუნველმყოფი კანონი. ივანიშვილს ამ პროექტით ვეხმარებით თავისი დანაპირების შესრულებაში. ვეუბნებით, რომ აი მოდელია, რითაც ამჯერად შეუძლია მაჟორიტარების დარწმუნება",-განმარტა უსუფაშვილმა.
ეკა ბესელიას პოზიციით კი დროა ქვეყანამ კვლავ განაგრძოს დემოკრატიისკენ სვლა და ამ სწორ გზას არ გადაუხვიოს.
"უნდა ვაჩვენოთ, რომ არა მუდმივი დაპირისპირება და კონფლიქტია თვითმიზანი, არამედ სწორი გზის პოვნა, რომ ქვეყანამ დემოკრატიისკენ სვლა განაგრძოს. ესაა გამოსავალი და ეს შეთავაზება არის ყველაზე უმტკივნეულო, კონსტიტუციასთან თავსებადი გამოსავალი, რათა დადგინდეს მანდატების სამართლიანად გადანაწილების წესი",-განაცხადა ბესელიამ.