ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, საარჩევნო უბანზე დაცვის თანხლებით ბიძინა ივანიშვილის მისვლის ფაქტზე საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს.
"მოვიძიეთ ინფორმაცია, საჩივარი შესულია. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს ამასთან დაკავშირებით. თუ ის ჩათვლის, რომ დარღვეული იქნა უბანზე შესვლის წესი, ბუნებრივია, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - თქვა იოსელიანმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია და შესაბამისი საჩივარი მოამზადეს.
"მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს, იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ, მისი დაცვის წევრები. ასეთი ფაქტი კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება ივანიშვილის მხრიდან ხმის მიცემისას, დღემდე არ აღმოფხვრილა და კვლავ გრძელდება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.