ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში საკრებულოს შუალედური არჩევნები დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა. ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ კონკურენტები „ევროპული საქართველოსა“ და მოძრაობის „თავისუფალი საქართველოსთვის“ კანდიდატები იყვნენ. ადიგენისა და მარტვილის თითო-თითო თემში კი მმართველ ძალას კონკურენტი არ ჰყოლია.
„ევროპული საქართველო“ ამტკიცებს, რომ ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნით მმართველმა გუნდმა ლაგოდეხში სრული მობილიზაცია გამოაცხადა. „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დღეს პირადად ამოწმებდნენ, მმართველი გუნდის მხარდამჭერებიდან რამდენი ადამიანი მივიდა ხმის მისაცემად. ამ ფაქტმა და იმან, რომ საარჩევნო უბნებთან პოლიციისა თუ სუს-ის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი, ოპოზიცია გააღიზიანა.
„ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს მმართველი პარტიის იმ წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას ადგილზე აკვირდებოდნენ. „ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ კანონდარღვევა არ გამოვლენილა და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა
ხმის დათვლის პროცესი 4 საარჩევნო უბანზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებულის ვინაობას ცენტრალური საარჩევნო კომისია დაასახელებს.