logo
ENG



საბანაძე: არჩევნების დღეს 9 დარღვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს

31 ოქტ 202019:36
3 წუთის საკითხავი
 
1uopn9a0ru0l05f.png

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, არჩევნების დღეს სხვადასხვა დარღვევის 9 შემთხვევაზე მიმდინარეობს. 

მათ შორის: 

გლდანში, N39 საჯარო სკოლაში განთავსებული საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა.

ისანი-სამგორის რაიონში, N176 საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება.

თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, N36-ში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სენაკში, მე-16 საარჩევნო უბანში დამკვირვებლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კახა საბანაძისვე განცხადებით, სისხლისსამართლებრივი ფაქტების გამოვლენის გარდა, დღეს, პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 15 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 7 ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და დაკავებულია 10 პირი, ხოლო 8 ფაქტზე ჩატარდა გასაუბრებები.

რაც შეეხება მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სხვადასხვა უბანთან არიან სპეციალური დანიშნულების რაზმები - კახა საბანაძის თქმით, არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადაადგილებები უკავშირდება მათ სამსახურებრივ მიზნებს, გეგმიურ როტაციას, ან პოლიციელთა მხრიდან საარჩევნო ხმის მიცემის კანონიერ უფლებას.

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადანაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ისინი უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში, საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ პერიმეტრზე, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა".- ამბობს საბანაძე. 


close დახურვა