logo
ENG



საბანაძე: აქციაზე ცრემლსადენი გაზი არ ყოფილა, გამოყენებული იყო ე.წ წიწაკის სპრეი

09 ნოე 202012:38
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის თქმით, გუშინდელ აქციაზე სპეცრაზმელებს ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეების მიმართ არ გამოუყენებიათ. როგორც საბანაძე განმარტავს, მათ სპეციალური საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რომელიც, მისი თქმით, საჭიროების მიხედვით გამოიყენება.

"ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეების მიმართ არ ყოფილა გამოყენებული. იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს არის სპეციალური საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი, რომელიც საჭიროების მიხედვით შესაძლებელია გამოყენებული იქნას. ეს არ არის ცრემლსადენი გაზი",-თქვა საბანაძემ.

გუშინ, 8 ნოემბერს ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტები თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. 

პოლიტიკური ლიდერებისა და პარლამენტის აქციიდან მომავალი დანარჩენი მომიტინგეების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს. მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ სხვადასხვა ტელევიზიის, მათ შორის, ფორმულას ჟურნალისტებიც. 

თვითმხილველების მტკიცებით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ. 

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტების მხრიდან "მყისიერი თავდასხმა" ხორციელდებოდა, ამიტომ, მისი თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებამდე მომიტინგეთა გაფრთხილებას სამართალდამცველები ვერ მოასწრებდნენ. 

მდინარაძის შეფასების საწინააღმდეგოდ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, ცივ კლიმატურ პირობებში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მიშვება ძალიან სასტიკი ზომაა. 

დარბეულ ოპოზიციას მკაცრად დასჯით დაემუქრა პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები შტურმის მოწყობას ცდილობდნენ. 

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ დღეს, 9 ნოემბერს 18:00 საათზე აქციას გამართავს. ისინი ცესკო-სთან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას გააპროტესტებენ. გარდა ამისა, კვლავ გააჟღერებენ 3 მთავარ მოთხოვნას - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გადადგეს თამარ ჟვანია და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. 

აღსანიშნავია, რომ დღეიდან, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან.


close დახურვა