სატვირთო ავტომობილით 41 მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა. ბერძენი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ სატვირთო საბერძნეთში მეზობელი თურქეთიდან გადავიდა. სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც 40 წლის ქართველი მძღოლის სახელზე იყო რეგისტრირებული, ბულგარეთის სანომრე ნიშნები ჰქონდა. სატვირთო ავტომობილში მყოფი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 41-დან 8 ჰოსპიტალში სასუნთქი გზების პრობლემებით მოათავსეს. საბერძნეთის პოლიციის განმარტებით, სატვირთოში მაცივარი ჩართული არ ყოფილა. საბერძნეთის საზღვაო და სახმელეთო საზღვარს თურქეთიდან ყოველკვირეულად ასობით ადამიანი, ევროპაში უკეთესი მომავლის იმედით კვეთს.