საბერძნეთის ქალაქ ეროსში 30 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მისი დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც კაცი საბერძნეთის დატოვებას და ბულგარეთში გადასვლას ცდილობდა.
ბერძნული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ის საბუთების შესამოწმებლად გააჩერეს. როდესაც პასპორტი ყალბი აღმოჩნდა, მონაცემები ბაზაში გადაამოწმეს. დაკავებულის გარეგნული აღწერილობა იმ ეჭვმიტანილის მონაცემებს დაემთხვა, რომელიც რამდენიმე მძიმე დანაშაულის, მათ შორის 20 წლის ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
20 წლის ბრიტანელი, ქეროლაინ ქრაუჩი რამდენიმე დღის წინ, გლიკა ნერაში, ყაჩაღობისას გაგუდეს. მომხდარის მოწმე ქალის ქმარია. მისი თქმით, მკვლელობისას დედის გვერდით 11 თვის ბავშვიც იყო.
გამოძიების ვარაუდით, ძარცვაში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი მონაწილეობდა. სახლში შეპარვამდე მათ შენობასთან დაყენებული სათვალთვალო კამერები დააზიანეს და ძაღლი მოკლეს, რომელიც პატრონის დაცვას ცდილობდა.
ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ დაკავებული კაცი კიდევ ერთ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. სავარაუდოდ ის მონაწილეობდა მოხუცი ცოლ-ქმრის დაყაჩაღებაში, რომლებიც ფულის გამოძალვის მიზნით აწამეს. გამოძიება ანალიზის შედეგებს ელოდება.