არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭირვალობა საქართველო“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის საფუძვლით გამოძიების დაწყებას მედიის დამოუკიდებლობის საფრთხედ აფასებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სუს-ის მიერ „მთავარი არხის“ სიუჟეტზე გამოძების დაწყება ქმნის თვითცენზურის საფრთხეს მედიისთვის, რაც დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ სიუჟეტზე საბოტაჟის საფუძვლით მიმდინარე გამოძიების პროცესი კითხვებს აჩენს. მედიის მხრიდან პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას, საკითხის სისხლის სამართლის ჭრილში გადატანა ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, უხეში ჩარევაა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და ქმნის თვითცენზურის საფრთხეს.
მედიის მიერ პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს თვითრეგულირების მექანიზმები და მიმართოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას ან ტელევიზიაში შექმნილ თვითრეგულირების ორგანოს. ამის ნაცვლად, გამოძიების დაწყება და საქმის სისხლის სამართლით დასჯად ქმედებათა ჭრილში გადატანა სახიფათო პრეცედენტს ქმნის და „მსუსხავი ეფექტის“ საფრთხეს აჩენს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც უწყება, სასამართლოს განჩინებით, "მთავარი არხისგან" სადავო სიუჟეტის დაუმონტაჟებელი მასალის მიწოდებას ითხოვს.